ბიზნესი
15/08/2022

Atari Art - ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები

Atari Art-ი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ქმნის, გაფართოებას გეგმავს. 

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო დოლიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, თოჯინების შესაკერად გამოიყენება ნატურალური ქსოვილი, ძაფები. უსაფრთხოებას ისიც უზრუნველყოფს, რომ არ გამოიყენება საღებავი და მეტალი.

რაც შეეხება კომპანიის სახელს, ატარი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს მეწვრილმანეს, ანუ Atari Art, იგივე მეწვრილმანის ხელოვნება.

"ძირითადი გათვლაა იმაზე, რომ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო, ნატურალური სათამაშო ბავშვებისთვის. სახეები ხელით არის მოქარგული. მელიები სრულად ქსოვილია, პატარა თოჯინებში გამოყენებულია ქართული მატყლი, რომელიც მუშავდება, ფორმას იღებს და ზემოდან ეკვრება ნატურალური ქსოვილი", - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

სათამაშოებზე მოთხოვნაა დიდებისგანაც, რომლებსაც სახლის დეკორად იყენებენ, პოპულარობით სარგებლობენ მელიები.

"მელიებს მხოლოდ ბავშვებისთვის არ ყიდულობენ, სახლის დეკორადაც გამოიყენება, ამხიარულებს გარემოს", - ამბობს ნინო დოლიძე.

ნინო დოლიძე ბავშვებს სთავაზობს ასევე ყუთს, სადაც ზის პატარა მელაკუდა, რომელსაც მოჰყვება ტანსაცმელი, საბანი, ლეიბი.

"ეს ბავშვის მოტორიკას ავითარებს - ჩაცმა, ღილების შეკვრა. ვფიქრობ, მათთვის ესეც სასარგებლოა", - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

Atari Art მუშაობს ასევე თექაზე. აქვთ ნაქსოვი თოჯინები, რომელსაც მარიკა ციცქიშვილი ამზადებს.

ნაქსოვი თოჯინების შემთხვევაშიც უსაფრთხო მასალაა გამოყენებული.

"ყველაფერი არის ჩაქსოვილი, ჩაკერილი, 100% ბამბის ქსოვილითაა მოქსოვილი და ეკოლოგიურად სუფთაა. ბავშვი ადვილად ვერ გააფუჭებს, ვერ დახევს, დიდხანს გაუძლებს.

სათამაშოები არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც არის გათვლილი. მომხმარებლები ხანდახან წიგნის პერსონაჟის დამზადებას გვთხოვენ. როცა შეკვეთა არ არის, ჩემი ფანტაზია ირთვება, ინსპირაციის წყაროა ბუნება, ყოველდღიური ყოფა. ბოლოს, ჩემი ფანტაზიით რაც გავაკეთე იყო 2 კურდღელი, რომელსაც "მელიების ღამის კოშმარი" დავარქვი. სათამაშოს კურდღლის ფორმა აქვს და აცვია მელიის ფორმის ქურთუკი, ქამრად გამოყენებული აქვს მელიის კუდი. მეორე კურდღელს აცვია მგლის ფორმის ჩუსტები და ქურთუკზე მელია აქვს გამოსახული", -აღნიშნა მარიკა ციცქიშვილმა.

თოჯინების დამზადება საყვარელი საქმიანობაა, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციეს.

"ორივეს ჩვენი პროფესია გვაქვს. ამ საქმეში თავისუფალ დროს ვიყენებთ და ცხოვრებას ვიფერადებთ. საბაზისო ქსოვა ბებიამ მასწავლა. ყოველთვის რაღაცას ვქსოვდი. ბოლოს რთული დეტალებით დავინტერესდი და youtube-დან ვისწავლე", - ამბობს მარიკა ციცქიშვილი.

სამომავლოდ, Atari Art ბიზნესს გააფართოებს. გეგმავს, სტუდია-სალონის გაკეთებას, სადაც იქნება მასტერკლასები, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა.

"ძალიან გვინდა, სტუდია გავაკეთოთ, სადაც შევასწავლით თოჯინების კერვას, ქსოვას. მე თვითნასწავლი ვარ. სტუდიაში კი, შესაძლებელი იქნება ისეთ დეტალებზე ცოდნის მიღება, რასაც წლების გამოცდილება სჭირდება, რომ რაღაცას მიაგნო - როგორ კეთდება მარტივად, უფრო აკურატულად", - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023