ბიზნესი
31/07/2023

ევროპული ბაზრისთვის მამაკაცის პერანგები და უნიფორმები გორში შეიკერება

ევროპული ბაზრისთვის მამაკაცის პერანგები და უნიფორმები გორში შეიკერება. ცნობილ ლიეტუვურ კომპანიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება სამკერვალო საწარმო „ლიდერმა“ გააფორმა.

„რამდენიმე თვე მიდიოდა მოლაპარაკებები ამ ბრენდთან და შევთანხმდით ხანგრძლივ პარტნიორობაზე. უკვე გავაფორმეთ 5 წლიანი ხელშეკრულება. ეს არის როგორც ზრდასრული, ისე საბავშვო სამოსის მწარმოებელი საკმაოდ ცნობილი კომპანია ევროპის მასშტაბით, თუმცა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე, მის ვინაობას ვერ დავასახელებთ. ფლობს უზარმაზარ საწარმოს ვილნიუსთან ახლოს და ევროპის ბაზარს ამარაგებს სხვადასხვა ტიპის სამოსით“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ.

მისივე ინფორმაციით, პირველი ნიმუშები „ლიდერმა“ უკვე ჩაიატანა ლიეტუვაში. „ძალიან მოეწონათ ჩვენი ნამუშევრები და იანვრიდან უკვე ჩაეშვება წარმოებაში. სწორედ ამ პერიოდიდან შეგვეძლება ბრენდის ვინაობის გამჟღავნებაც“, - აღნიშნა ნინო გიორგაძემ.

როგორც სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი ამბობს, საწყის ეტაპზე, ლიეტუვურ ბრენდს თვეში უნდა მიაწოდონ 5 ათასიდან - 10 ათას ერთეულამდე პროდუქცია.

„ეს კომპანია ეძებდა ISO-ს სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოს. სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ მხარდაჭერით, ჩვენ დავნერგეთ ISO სტანდარტი და სწორედ ეს იყო მთავარი პრიორიტეტი, რასაც ყურადღება მიაქციეს და ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს“, - განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ლიეტუვურ ბრენდთან თანამშრომლობა მოიცავს „ლიდერის“ თანამშრომლების გადამზადებასაც ევროპული სტადარტების საწარმოში. „ჩვენი თანამშრომლები უკვე ნოემბერში გაემგზავრებიან ლიეტუვაში, გაეცნობიან მათი წარმოების სტადარტებს და ამის შემდეგ, დავიწყებთ ამ ბრენდისთვის სამოსის შეკერვას, რომელსაც ცხადია, made in Georgia ეწერება. აღსანიშნავია, რომ ეს ლიეტუვური ბრენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს ხოლმე მონაწილეობას და იმარჯვებს. შესაბამისად, მათი სამოსი ევროპულ სახელმწიფოებში იყიდება, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმასაც, რომ გორში შეკერილი მამაკაცის პერანგები და უნიფორმები, ლიეტუვის გარდა, სხვა ევროპულ ბაზრებზეც მოხვდება“, - განმარტა სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, სამკერვალო „ლიდერი“ გორში მდებარეობს. ის 2016 წელს დაარსდა და სოციალური ტიპის საწარმოს წარმოადგენს, სადაც უმეტესად დევნილი, მარტოხელა დედები და სოციალურად დაუცველი ქალები მუშაობენ. ამჟამად, ადგილზე დასაქმებულია 32 ადამიანი და მალე, მათი რაოდენობა კიდევ 12 ახალი კადრით გაიზრდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023