ბიზნესი
30/03/2022

მომხმარებელთა საჩივრების განხილვას კონკურენციის ეროვნული სააგენტო 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს

საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევა, ხოლო საჩივრების განხილვა 1 ნოემბრიდან დაიწყება.

კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. კანონში ასახულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მომზადებულია ევროდირექტივების სრული დაცვით და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას.

,,კანონში მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები, მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები. წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიღებული ცვლილების თანახმად, მოვაჭრეს ეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია - პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. მიღებული კანონი დაიცავს მომხმარებელს უსამართლო კომერციული შეთავაზებისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, შეცდომაში შემყვანი რეკლამისაგან. კანონი ვრცელდება როგორც ქუჩაში, ასევე ონლაინ და დისტანციურად დადებულ გარიგებებზე’’ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

მისი განცხადებით, 2022 წლის 1 ივნისიდან, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნება შესაბამისი დეპარტამენტი. საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის პარალელურად, მოხდება თანამშრომელთა გადამზადება. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და თითოეული მოვაჭრისა თუ მომხმარებლის დონეზე ინფორმაციის გაცვლა, აქტიური დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება. დეტალურად იქნება გაწერილი საჩივრის მიღების და განხილვის წესი და სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარის უფლება იქნეს თანაბრად დაცული და გარანტირებული.

სააგენტო საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვრავს მის დასაშვებადობას. 1 თვის ვადაში განიხილავს საჩივარს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს გააფრთხილებს, მისცემს ვადას მისი აღმოფხვრისთვის, ხოლო მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება სანქცია – წინა წლის ბრუნვის 2%–მდე ოდენობით.

,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნული მიმართულებით, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი - ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის (GIZ) მხარდაჭერით მომზადდა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი - სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023