ეკონომიკა
06/05/2020

ტაო ჟანგი: სახელმწიფო საწარმოების მხრიდან წარმოშობილ ფისკალურ რისკებთან სიფრთხილეა საჭირო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მხრიდან წარმოშობილ ფისკალურ რისკებზე მიუთითებს და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, – აღნიშნულია სავალუტო ფონდის პრესრელიზში, რომელიც ორგანიზაციამ ვაშინგტონში, აღმასრულებელი საბჭოს დისკუსიის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა.

„COVID-19-ის პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. საგარეო მოთხოვნებისა და ტურიზმის შემცირებამ გაზარდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გამოიწვია გაცვლითი კურსის გაუფასურება და ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი შენელება. ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა, რათა შემოეღო ზომიერი შეზღუდვის ზომები და მიზნობრივი დახმარება გაეწიოს ოჯახებს და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს.

გაზრდილია ფისკალური დეფიციტი და მობილიზებულია საგარეო დაფინანსება, რაც დამატებით ხარჯვას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია სახელმწიფო ხარჯების აუცილებლობა, საჭიროა სიფხიზლე სესხის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მხრიდან წარმოშობილი ფისკალური რისკებისგან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ზომიერად მჭიდრო მონეტარული პოლიტიკის პოზიცია, ამასთან, გაცვლითი კურსი მოქნილი რჩება, ხოლო მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ინფლაციური მოლოდინების მჭიდო მონიტორინგს.

სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას და პანდემიის შემდეგ უფრო სწრაფ აღდგენას. სახელმწიფო პენსიაზე ინდექსაციის წესის დანერგვა ხელს შეუწყობს პენსიონერების შემოსავლის შენარჩუნებას. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება და გადახდისუუნარობის ჩარჩოს განხორციელება ხელს შეუწყობს სექტორის გაჯანსაღებას.

გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში გაზრდილმა წვდომამ ხელი უნდა შეუწყოს ხელისუფლების პოლიტიკას COVID-19-ის შოკის გადასაჭრელად და დაეხმაროს გადაუდებელი გადასახადების მობილიზებაში“ – აცხადებს ტაო ჟანგი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს COVID19 -ის პანდემიის გამო გამოყოფილი ფინანსური პაკეტიდან პირველი ტრანში უკვე ჩაურიცხა. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვას და დათანხმდა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის მოთხოვნას COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საჭიროებების დასაფინანსებლად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023