საზოგადოება
06/09/2023

აღმაშენებლის გამზირზე 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა

აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული. 

„აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეების მეპატრონეებს დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დავავალეთ, რისთვისაც გონივრული ვადაც მივეცით. როგორც გახსოვთ, მათ პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, უფლება მივეცით, მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა, როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული სივრცე დემონტაჟამდე და ამჟამად რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე.

„ამ ეტაპზე, გამზირზე არსებული იმ კაფეების მაგიდები და სკამები, რომლებიც სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ, შეზღუდულ არეალშია განთავსებული, რომელიც არ ზღუდავს როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე, სახანძრო ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. მუნიციპალიტეტისგან შესაბამის ნებართვას ყველა მოქმედი ობიექტი მიიღებს, თუ დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, ღია საკვები ობიექტის დიზაინი უნდა იყოს სადა და ისტორიული  თბილისის იერსახის შესაფერისი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისთვის, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, აღნიშნული კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისა და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის მადლობა გადავუხადო. არანაირი ძალის გამოყენება არ გახდა საჭირო. მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, რომ არსებობს ნდობა ჩვენს შორის. აქვე გიდასტურებთ მზაობას, დაგეხმარებით, რომ ყველაფერი სწორად და კანონიერად გავაკეთოთ, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ვუხდი მადლობას სამუშაოსთვის, რაც გასწიეს აღნიშნული სივრცის მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023